ილჰამ ალიევი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა
ილჰამ ალიევი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს, ლუის ბონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, შეხვედრის დროს ილჰამ ალიევმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. ამასთან, აზერბაიჯანის ლიდერმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მისი განგრძობადი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართ.

„მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე ლუის ბონო აზერბაიჯანის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდება. მანამდე კი ის ბაქოში მდებარე აშშ-ის საელჩოშიც იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩევლის პირველი ვიზიტია კავკასიის რეგიონში. აზერბაიჯანის შემდეგ ლუის ბონო ჩავა სომხეთში, რის შემდეგაც საქართველოს ესტუმრება.

როგორც მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ლუის ბონო კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში „მხარდაჭერას გამოუცხადებს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.