ილჰამ ალიევი – ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც აშენებს და ქმნის, ოკუპაციის პერიოდში სომხეთი მხოლოდ ძარცვავდა ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, უკანონოდ მოიპოვებდა წიაღისეულს, ჩვენ კი ქალაქებს ნულიდან ვაშენებთ
44-დღიანი სამამულო ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მტრისგან 300-ზე მეტი ქალაქი და სოფელი გათავისუფლდა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ხალხისადმი მილოცვისას განაცხადა.
„ამ დასახლებებში აზერბაიჯანის დროშა აღიმართა, რის შედეგადაც სომხეთი იძულებული გახდა, 9-10 ნოემბრის ღამეს კაპიტულაციის აქტზე ხელი მოეწერა. ამრიგად, იმ დროს ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ გაუთავისუფლებელი ტერიტორიებიც დაუბრუნდა აზერბაიჯანს – ერთი გასროლის გარეშე, დანაკარგების გარეშე“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევის თქმით, თავისუფალ ყარაბაღში აღმშენებლობა მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენ – ამ მიწების მფლობელები – მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ეს ჩვენი მიწაა. რადგან ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც აშენებს და ქმნის. ოკუპაციის პერიოდში სომხეთი მხოლოდ ძარცვავდა ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ჩეხავდა ტყეებს და უკანონოდ მოიპოვებდა წიაღისეულს. ჩვენ კი ქალაქებს ნულიდან ვაშენებთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა, ზოგან 6-7 თავდაცვითი ზოლიც კი მოაწყო და მთელი ტერიტორია დანაღმა.
„ეკლიანი მავთულხლართები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, ხელსაყრელი პოზიციები, ბორცვები, მთები – ყოველივე ეს დიდ სირთულეებს გვიქმნიდა. სომხური მხარე დარწმუნებული იყო, რომ აზერბაიჯანი საკუთარ მიწებს სამხედრო გზით ვერ გაათავისუფლებდა ან ამის ნებას არავინ მოგვცემდა. ისინი შეცდნენ; აზერბაიჯანელმა ხალხმა კი მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ როგორი დიდებული ერია“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევის მტკიცებით, დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა, დამოუკიდებელი პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით.
„აზერბაიჯანში ყველა ეთნიკური ჯგუფი და ყველა რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს როგორც ერთი ოჯახი, გაერთიანებული სამოქალაქო სოლიდარობითა და აზერბაიჯანიზმის იდეოლოგიით. ეს ჩვენი ეროვნული იდეაა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის მომავლისკენ მიმავალი გზა. სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობა, ხელსაყრელი ატმოსფერო, შემოქმედებითი ტენდენციები და ჩვენი საზოგადოების ერთიანობა საერთო მიზნის გარშემო, რომელიც დღეს აზერბაიჯანში სუფევს, არის სურათი, რომელიც, მე მჯერა, იშვიათად გვხვდება დღევანდელ მსოფლიოში.
ამ შესანიშნავ დღესასწაულზე, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა აზერბაიჯანელი ხალხის სიდიადეს, რადგან მხოლოდ დიდმა ხალხმა, მიუხედავად ყველა ტანჯვისა, 30-წლიანი ოკუპაციისა, სომხეთის უკან მდგომი დიდი ძალების მხრიდან ჩვენ წინააღმდეგ მუქარისა, გამოიჩინა ნება და მხარი დამიჭირა, რითაც უზრუნველყო ჩვენი გამარჯვება. ამ შესანიშნავი დღესასწაულის აღნიშვნისას თითოეული ჩვენგანი სამართლიანად განიცდის სიამაყის გრძნობას.
ამავდროულად, თითოეული ჩვენგანი პატივისცემით პატივს მიაგებს იმ მოწამეების კურთხეულ ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ გზაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ეუბნება: „ჩვენ იმდენად ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ არავის აღარასოდეს გაუჩნდეს აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენების სურვილი!“ დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა, სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია ვინმესგან პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით, სახელმწიფო, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ პოლიტიკას, ღირსეული სახელმწიფო“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.