ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის, ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ
ჩვენ უკვე მზად გვაქვს პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას ითვალისწინებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ადგილობრუივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელი არის დაკავშირებული რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან და თურქეთთან საქართველოს გავლით.
„ამრიგად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე და იქიდან თურქეთსა და ევროპაში გამავალი ენერგეტიკული დერეფანი ასევე ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას კრიზისის შემთხვევაში. ამიტომ რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამას, მით უკეთესი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი რეგიონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის დიდი რესურსი აქვს.
„დღეს თუ ჩვენს რეგიონში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებსაც ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები არ აქვთ, აზერბაიჯანი მათ შორის პირველ ადგილზეა. ამა თუ იმ მიზეზით, რეგიონში ენერგეტიკული კრიზისია და ეს კრიზისი, შესაძლოა, გაღრმავდეს რეგიონში მიმდინარე ომების, მზარდი რისკების, ენერგორესურსების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სატრანსპორტო ჯაჭვების შეფერხებების და სხვა ფაქტორების გამო. არ არის გამორიცხული, მომავალში ახალი, გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდეს. ამიტომ აზერბაიჯანის განსაკუთრებული როლი ამ მხრივ უდავოა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნახიჩევანის უწყვეტი და მდგრადი ენერგომომარაგება არასდროს შეფერხდეს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს როგორც გაზი და ნავთობი, ასევე ელექტროენერგია მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტიც საქართველოსა და თურქეთზე გადის.
„ჩვენს რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც, აზერბაიჯანის მსგავსად, ყოვლისმომცველად იყოს მომარაგებული ენერგიით, იქნება ეს ნავთობისა და გაზის თუ ელექტროენერგიის თვალსაზრისით. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით ჩვენ ამავდროულად მოვიპოვებთ წვდომას ევროპის ბაზარზე, რადგან უკვე მივაღწიეთ ევროპას ჩვენი ნავთობითა და გაზით, მაგრამ ასევე გვსურს, ევროპის ბაზარს მივაღწიოთ ელექტროენერგიით. დღესდღეობით ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის და იქიდან ევროპისკენ მიემართება. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, როგორც ალბათ გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შევთანხმდით კასპიის ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას,“ – განაცხადა ალიევმა ინტერვიუში.
ინტერვიუში ილჰამ ალიევმა ასევე ზანგეზურის დერეფანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დერეფნის გავლით 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.
„ზანგეზურის დერეფნით 15 მილიონი ტონა ან, შესაძლოა, მეტი ტვირთის გადაზიდვა გაცილებით მეტ აქტივობას გამოიწვევს. შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა და ნახიჩევანი, შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთ შეუცვლელ სატრანსპორტო ცენტრად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად, ზანგეზურის დერეფნის იდეის წამოყენებისას აქცენტს ძირითადად ტრანსპორტის სეგმენტზე ამახვილებდა, თუმცა დღეს ამას უფრო ფართო კონტექსტში უყურებს.