ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების ყველა სეგმენტი წარმატებით ფუნქციონირებს
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების ყველა სეგმენტი წარმატებით ფუნქციონირებს

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების ყველა სეგმენტი წარმატებით ფუნქციონირებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ბრიქსის“ სამიტზე განაცხადა.

ალიევის თქმით, გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნით, აზერბაიჯანი ევრაზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად იქცა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო ურთიერთობებში მულტილატერალიზმის პრინციპის აქტიური მხარდამჭერია.

„აზერბაიჯანი არის საერთაშორისო ურთიერთობებში მულტილატერალიზმის პრინციპის აქტიური მხარდამჭერი, რაც ჩვენ მიერ ნათლად გამოვლინდა 2020-2023 წლებში მიუმხრობლობის მოძრაობაში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს. თავმჯდომარეობის ოთხი წლის განმავლობაში მიუმხრობლობის მოძრაობამ გადადგა დიდი ნაბიჯი ინსტიტუციურ განვითარებაში და მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. შემდეგ თვეში ბაქო უმასპინძლებს კლიმატის ყველაზე დიდ საერთაშორისო კონფერენციას – COP29-ს. 200-მდე ქვეყნის ერთსულოვანი გადაწყვეტილება COP29-ის აზერბაიჯანში ჩატარების შესახებ არის ჩვენი პოლიტიკის პატივისცემისა და მხარდაჭერის აშკარა მაჩვენებელი. ჩვენ უკვე შეგვაქვს წვლილი გლობალურ სამხრეთსა და გლობალურ ჩრდილოეთს შორის კლიმატის საკითხებში თანამშრომლობაში და შევეცდებით, მივაღწიოთ ურთიერთგაგებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხზე. ასევე, გლობალური უსაფრთხოების, საერთაშორისო სამართლის უზენაესობის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, ურთიერთპატივისცემის საკითხებზე“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.