ილჰამ ალიევი – უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევები არ სჭირდებათ, თუმცა დღესაც იმავეს გავიმეორებდი, არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას
არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში გამართულ მეოთხე გლობალურ მედიაფორუმზე, უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, არც უკრაინელ ხალხს და არც უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევები არ სჭირდება. თუმცა დღესაც იგივეს გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა – არ ეგუება ოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდები იყო, ჩვენ ვხედავდით, როგორ ახორციელებდნენ გარკვეული ძალები ზეწოლას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, იმ პირობით, რომ ოკუპაცია ფაქტობრივად, დაკანონდებოდა. თუმცა არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა ამას არ დათანხმდა“, – აღნიშნა ალიევმა.
ამასთან, ალიევმა ისაუბრა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულების აუცილებლობაზე.
„რაც შეეხება ომის სამომავლო პერსპექტივების ჩემს შეფასებას, ვფიქრობ, ის დიდად არ განსხვავდება თქვენი ხედვისგან. ჩემი აზრით, ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეგო, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს დაუყოვნებლივ. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის პოზიცია, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული იყო, თუმცა მოგვიანებით ეს ოკუპაცია დასრულდა.
აზერბაიჯანის გამოცდილება ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია. ჩვენც გამოვიარეთ ოკუპაცია და მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ზეწოლას ვაწყდებოდით. ჩვენგან მოითხოვდნენ, დაგვეთმო ყარაბაღი. ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია. ეუთო-ს მინსკის ჯგუფს, რომლის თანათავმჯდომარეებიც იყვნენ აშშ, საფრანგეთი და რუსეთი, სურდა, ჩვენ დაგვეთმო ყარაბაღი – არა მხოლოდ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, არამედ ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებიც. სანაცვლოდ მხოლოდ იმ ხუთი რაიონის დაბრუნებას გვპირდებოდნენ, რომლებიც აღნიშნული ტერიტორიის აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა არც მე და არც აზერბაიჯანელი ხალხი ამას არასოდეს დავთანხმდებოდით.
ეს იყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წევრის საერთო პოზიცია და ასეთი ზეწოლის გაძლება ძალიან რთული იყო. როდესაც ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, ყველა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. ისინი ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდნენ, გვემუქრებოდნენ და მოგვიწოდებდნენ. ზოგი ამას უფრო მკაცრად აკეთებდა, ზოგი – უფრო რბილად. ყველას სურდა, ომი შეგვეწყვიტა და არსებული ვითარება შენარჩუნებულიყო. ომის ერთ-ერთ ეტაპზე გვეუბნებოდნენ: „თქვენ ფიზული გაათავისუფლეთ, ამით დაკმაყოფილდით“. ჩვენ კი სხვადასხვა დიპლომატიური საშუალებების გამოყენება გვიწევდა. არაერთხელ გავაგზავნე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, ვაშინგტონსა და ევროპაში. მათი მიზანი იყო, ხელი შეეშალათ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. თუმცა ამას ვერ მიაღწიეს, რადგან შეუძლებელია ხალხის ნების გატეხვა. შეუძლებელია დაამარცხო ხალხი, რომელიც დამოუკიდებლობასა და ეროვნულ იდენტობას იცავს. შეუძლებელია ასეთი ხალხის დამორჩილება და საკუთარი ნების თავსმოხვევა. ვისაც დღეს ომის გაგრძელება სურს, ეს სიმართლე უნდა გაითვალისწინოს.
მე კარგად ვიცი პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მან ამის შესახებ საჯაროდ არაერთხელ ისაუბრა. ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე წლის აპრილში, აზერბაიჯანში მისი ვიზიტის დროს. მისი პოზიციაა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი ფრონტის ხაზის გასწვრივ. ვერ ვიტყვი, რამდენად აქტუალურია ეს წინადადება დღეს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას საჯაროდ ამ პოზიციაზე უარი არ უთქვამს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას.
„არცერთი სახელმწიფოს საზღვრები არ შეიძლება, შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან ამ ქვეყნის ხალხის თანხმობის გარეშე. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია თანმიმდევრული და მტკიცეა. რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გავუწიოთ. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ამას რეკლამისთვის არ ვაკეთებთ. ეს გულწრფელი მხარდაჭერაა. დახმარებას მხოლოდ სახელმწიფო არ უწევს – ამ საქმეში მონაწილეობენ რიგითი მოქალაქეებიც და კერძო კომპანიებიც. ეს სოლიდარობის უნიკალური მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და რომელთა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა“, – განაცხადა ალიევმა.