ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანას აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობს
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანას აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და ხელისუფლება მოსახლეობის ყურადღების გადატანას აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობს.

„აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია სომხეთის გეგმებშია და ისინი ამას არ მალავენ. კიდევ ერთი მიზეზი არის სომხეთში არსებული ძალიან სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგან სომხეთის მოსახლეობის ყურადღების გადატანა და აზერბაიჯანისგან მტრის ხატის შექმნა. კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სომხეთი ყველანაირი ხერხით ცდილობს, მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალოს. შემიძლია ვთქვა, ამას მიაღწია. ზუსტად სომხეთის თვალთმაქცი და არაკონსტრუქციული, მატყუარა პოლიტიკის შედეგად დღეს ფაქტობრივად მოლაპარაკებები გაჩერებულია და მომდევნო პროვოკაციის ჩადენა ზუსტად ამ მიზნებს ემსახურება“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი