ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთი რუსეთსა და ირანს აზერბაიჯანის გავლით, სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთსა და ირანს დაუკავშირდება. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს, რადგან ამგვარად 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდება ნახიჩევანის რესპუბლიკას, ხოლო სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მაგისტრალით დაუკავშირდება რუსეთსა და ირანს. ამასთან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით გვექნება გასასვლელი თურქეთის ბაზარზე და თურქული და რუსული სარკინიგზო არტერიები შეერთდება“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ განცხადებას. ამ განცხადების მიხედვით, საკითხზე იმუშავებენ სამუშაო ჯგუფები, რომელთაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ. ამ სამუშაო ჯგუფების სხდომა 30 იანვარს გაიმართება, ხოლო სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ახალი ობიექტების მშენებლობის გრაფიკი ამ ჯგუფებმა 2021 წლის პირველ მარტამდე უნდა წარადგინონ.