იკარდი პსჟ-ში, მხითარიანი „რომაში“ - ბოლო სატრანსფერო დღის ყველა გარიგება
იკარდი პსჟ-ში, მხითარიანი „რომაში“ - ბოლო სატრანსფერო დღის ყველა გარიგება

* „ნაპოლიმ“ გაიფორმა ფერნანდო ლორენტე, რომელიც უკლუბოდ რჩებოდა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. ბასკის ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან ორწლიანია.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაყიდა მატეო დარმიანი „პარმაში“. 29 წლის მცველთან კონტრაქტი ოთხი წლით დაიდო, თანხა – 1.5 მილიონი ევროა.

* ჩიჩარიტო – „სევილიას“ მოთამაშეა. 31 წლის მექსიკელი ესპანელებმა „ვესტ ჰემიდან“ ცხრა მილიონ ევროდ შეიძინეს.

* „სასუოლომ“ სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა „ტოტენჰემის“ ექს-მცველი ვლად კირიკეში. რუმინელი „ნაპოლის“ ეკუთვნის.

* „ატალანტამ“ „სევილიადან“ გადაიბირა სიმონ კიაერი. 30 წლის დანიელი მცველი იტალიაში ერთი წელი ითამაშებს იჯარით.

* „ჰერტამ“ „დორტმუნდიდან“ იჯარით აიყვანა გარემარბი მარიუს ვოლფი. 24 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა კლუბში 2018 წელს მისვლის მომენტიდან.

* „ჩელსიმ“ 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი რაჰმან ბაბასთან და შემდეგ იჯარით მისცა „მალიორკას“.

* ბრაზილიელი ფორვარდი პედრო „ფლუმინენსედან“ „ფიორენტინაში“ გადავიდა. ფლორენციელებს ეს გარიგება 11 მილიონი ევრო დაუჯდათ.

* ალფონს არეოლა ოფიციალურად წავიდა იჯარით მადრიდის „რეალში“. ამავე ტრანსფერის რანგში კეილორ ნავასი გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“. კოსტარიკელმა 2023 წლის ზაფხულამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი.

* „რომამ“ დაადასტურა, რომ ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი იჯარით გერმანულ „ლაიპციგში“ წავიდა.

* „ფრაიბურგმა“ კონტრაქტი გააფორმა იტალიის ნაკრების გარემარბთან ვინჩენცო გრიფოსთან. „ჰოფენჰაიმის“ ყოფილმა მოთამაშემ ახალ კლუბში 32-ე ნომერი მიიღო.

* ბოსნიის ნაკრების მეკარემ ასმირ ბეგოვიჩმა, მოულოდნელად, კონტრაქტი გააფორმა აზერბაიჯანის „ყარაბახთან“.

* „ბაიერნისა“ და „ვოლფსბურგის“ ყოფილი საყრდენი ლუის გუსტავო „მარსელიდან“ „ფენერბაჰჩეში“ გადავიდა

* რაფინია ალკანტარამ კონტრაქტი გააგრძელა „ბარსელონასთან“ და იჯარით წავიდა „სელტაში“.

* ნიკოლა კალინიჩი იჯარით „ატლეტიკოდან“ იტალიურ „რომაში“ გადავიდა. მან რომში მე-19 ნომერი მიიღო. იტალიური კლუბი მადრიდელებს ფორვარდისთვის სამ მილიონ ევროს გადაუხდის.

* ჰენრიხ მხითარიანი იჯარის წესით „რომაში“ წავიდა. ამისთვის იტალიურმა კლუბმა „არსენალს“ სამი მილიონი ევრო გადაუხადა. „სტადიო ოლიმპიკოზე“ სომეხი 77-ე ნომრით ითამაშებს.

* „აინტრახტმა“ გამოაცხადა „მილანში“ ანტე რებიჩის გაყიდვა. უფრო ზუსტად, ეს არის ორწლიანი იჯარა.

* თავის მხრივ, „აინტრახტმა“ გამოაცხადა ანდრე სილვას გადაბირების შესახებ. პორტუგალიელი ასევე ორწლიანი იჯარით წავიდა „მილანიდან“ გერმანიაში და იქ 33-ე ნომრით ითამაშებს.

* მალის ნაკრების ფორვარდი აბდულაიე დიაბი იჯარით წავიდა „სპორტინგიდან“ „ბეშიქთაშში“.

* „ჩელსიმ“ ბრაზილიელი კენედი ერთი წლით იჯარით გაუშვა „ხეტაფეში“.

* „შახტარის“ ნახევარმცველი ფერნანდო „სპორტინგში“ გადავიდა. 20 წლის ბრაზილიელი ერთი წლით გახდა პორტუგალიური კლუბის ფეხბურთელი.

* ალესანდრო მატრი ოფიციალურად შეუერთდა „ბრეშას“. ფორვარდი უკვე 35 წლისაა.

* ბელგიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტივენ დეფური „ბარნლიდან“ „ანტვერპენში“ გადავიდა.

* „გალათასარაიმ“ ოფიციალურად დაადასტურა „მონაკოს“ ფორვარდის რადამელ ფალკაოს ტრანსფერი.

* „ჩელსის“ ფეხბურთელმა ლუკას პიაზონმა ისევ დატოვა ლონდონური კლუბი და იჯარით გადავიდა „რიუ ავეში“.

* მაურო იკარდი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. არგენტინელმა 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი „ინტერთან“, მაგრამ პარიზელებში იჯარით წავიდა. პსჟ-ს შეეძლება მომავალი წლის ზაფხულში იკარდის 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვა.

* მაქსიმ გონალონი იჯარით გადავიდა „რომადან“ ესპანურ „გრანადაში“.

* ნიკლას ბენდტნერმა კონტრაქტი გააფორმა „კოპენჰაგენთან“.

* „პარი სენ-ჟერმენმა“ დაადასტურა ხესე როდრიგესის იჯარა „სპორტინგში“.