კახა კალაძე - 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი
კახა კალაძე - 2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი

დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა 30 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებიც პირველივე დღიდან პროცესებში იყვნენ ჩართული, მაქსიმალურად გვიჭერდნენ მხარს და ჰქონდათ სურვილი, მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, წინ გველოდება მეორე ტური.

2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47-მა პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით – 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები, არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ეს არჩევნები და ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, ქაოსსა და განვითარებას შორის არჩევანს თბილისელები ამჯერადაც განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.