იგორ კოლომოისკი - დონბასში კონფლიქტი რუსეთის მიერ არ არის ინსპირირებული, ეს შიდა სამოქალაქო კონფლიქტია
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ბიზნესმენმა იგორ კოლომოისკიმ დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს „შიდა სამოქალაქო კონფლიქტი“ უწოდა. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა მოხდა ჩვენთან, დონბასში?… ეს შიდა სამოქალაქო კონფლიქტია“, – განაცხადა კოლომოისკიმ.
უკრაინელი ბიზნესმენის თქმით, დონბასში კონფლიქტი „არ არის ინსპირირებული რუსეთის“ მიერ იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა და რუსი სამხედროები არიან.
„რუსული ტექნიკა ახლაც იქ არის და იქნება. ვიდრე იქნება კონფლიქტი, იქ იქნება რუსული ტექნიკა. ეს ცხოვრების რეალიებია. დიახ, ის იქ არის, ჩვენ კი აქეთ მხრიდან ამერიკული ტექნიკა გვაქვს. და რა აქედან? „ჯაველინები“ გვაქვს? ეს ვისი ტექნიკაა?“, – აღნიშნა დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა.
კოლომოისკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას სამხედრო ტექნიკა დონბასში კონფლიქტის მხარდაჭერისთვის მიაწოდა, რადგან, მისი თქმით, ამერიკისთვის მომგებიანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება.
„ყოველ შემთხვევაში, წინა პრეზიდენტის დროს ასე იყო. ახლანდელ პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს) კი, ჩემი აზრით, სხვაგვარი შეხედულება აქვს, თუმცა არ იცის, როგორ მოძებნოს გამოსავალი. თუმცა, ამ კონფლიქტის საფუძველი, შამფური არის შიდაუკრაინული კონფლიქტი, რომელიც, სხვათა შორის, 20 წელი მზადდებოდა, სულ მცირე 2004 წლიდან“, – განაცხადა კოლომოისკიმ.