იგორ დოდონი - „დემოკრატიული პარტია“ ჩემს ფიზიკურ განადგურებას შეეცდება
იგორ დოდონი - „დემოკრატიული პარტია“ ჩემს ფიზიკურ განადგურებას შეეცდება

იგორ დოდონი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა, აცხადებს, რომ „დემოკრატიული პარტია“ მის ფიზიკურ განადგურებას, დაპატიმრებას ან შანტაჟს შეეცდება. ამის შესახებ დოდონმა დღეს მოლდოვაში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლად პლოხოტნიუკი დათმობას არ აპირებს და ბოლომდე იდგება. მთავარი პრობლემა მათთვის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. თუ მე ჩამომიშორებენ, ძალაუფლება პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს გადაეცემა“, – აცხადებს დოდონი.

მისივე თქმით, „დემოკრატიულ პარტიას“ მისი ქვეყნიდან გაძევება სურს.

შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 8 ივნისს დაიწყო – მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტში ახალი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოში კი განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურია, რადგან კოალიციის ფორმირება კანონით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი დანიშნა. თავის მხრივ, პაველ ფილიპმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

პარლამენტში ჩამოყალიბებული ახალი მთავრობის წევრები ამ განკარგულებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ წინა მთავრობა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას არ აპირებს და „ხელისუფლების უზურპაციას ახდენს“. პარლამენტში „ხელისუფლების მიტაცების შესახებ“ დოკუმენტიც მიიღეს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, შექმნილ მდგომარეობაში დახმარებისკენ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა.