იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან C2 ჯგუფის შეხვედრის შემდეგ (1:1) კმაყოფილება არ დამალა – ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, 10 მოთამაშით დარჩენილმა გუნდმა თამაში რომ გადაარჩინა, გმირობის ტოლფასი იყო.
„7 დღეში სამი მატჩის ჩატარება რთულია. რამდენიმე მოთამაშე მოედანზე მხოლოდ ექიმების დახმარებით გამოვიდა. ამის მიუხედავად, ორივე ფრონტზე მიზანს მაინც მივაღწიეთ – ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში კოსოვოს ნაკრებს ვძლიეთ, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ვიბრძვით და C2 ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ“, – ამბობს იგორ ანგელოვსკი.
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების წევრები ბრძოლისუნარიანობისთვის შეაქო:
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებთან უკვე მეორედ დავრჩით კაცნაკლულები, ხასიათი კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ – ამის გამო ყველას ტაშს ვუკრავ, კაპიტნიდან დაწყებული, გუნდის ყველა სათადარიგოთი დამთავრებული. ვაჩვენეთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია არასდროს ნებდება“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ერთმანეთს 12 ნოემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ შეხვედებიან და ამ ბრძოლაში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. ამ დროისთვის გუნდებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე ერთნაირი ანგარიშით დასრულდა 1:1.