იგნაციო კასისი – უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რათა გადაწყვეტილება დეკემბრამდე მივიღოთ

13:56, 16.10.2026

ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და ასევე მოვძებნოთ კანდიდატურა, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

იგნაციო კასისს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხთან დაკავშირებით საქართველომ განაცხადი მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა. კერძოდ, როგორი იქნება შვეიცარიის პოზიცია საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით?

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს 57 მონაწილე ქვეყნისა, რომ დაეხმარებიან დეკემბრამდე გადაწყვეტილების მიღებაში.

„შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ თავმჯდომარეობა. ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და ასევე მოვძებნოთ კანდიდატურა. წლის ბოლოს მოახლოებასთან ერთად არის გადაუდებლობის განცდა. ჩვენ ეს საკითხები სიღრმისეულად განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა შესაძლო გადაწყვეტილებების კვლევას გავაგრძელებთ. ამის შემდეგ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რათა გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდეს.

ჩემი ამოცანაა, გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მივაღწიოთ, რათა ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა კონფერენციაზე ამ საკითხის განხილვა აღარ გახდეს საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყოს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი სურვილია და გარანტიას ვერ მოგცემთ. იმედი მაქვს, 57 მონაწილე ქვეყანა დამეხმარება, რათა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება დეკემბრამდე მივიღოთ. ასევე, ეს მნიშვნელოვანია ორგანიზაციის სტაბილურობისთვის, რომ შენარჩუნდეს სამმაგი პროცესი – წინა, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეობა. ეს ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

მსგავსი