იგნაციო კასისი – ჟენევის საერთაშორისო ფორმატი არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ, ეს გახლავთ ეუთო-ს პირველადი ამოცანა და თავისი წვლილი შეაქვს დიალოგში
ეუთო-ს სამი როლი აქვს – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის შესაძლებლობას ქმნის. იცით, რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს ჟენევაში და მოიცავს განხილვებს გაერო-სთან, ევროკავშირთან, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ჰკითხა: „ეუთო-ს საქმიანობიდან გამომდინარე, თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რა როლი აკისრია ეუთო-ს ამ პრობლემის მოგვარებაში?“ – რაზეც იგნაციო კასისმა აღნიშნა:
„დიალოგი ალბათ წარმატებული არ არის, თუ შევადარებთ იმ საკითხს, რომ პრობლემა კვლავ არსებობს, მაგრამ საჭიროა ეს ფორმატი? მე გეტყვით, რომ აუცილებელია. უფრო მეტიც, ვიდრე აუცილებელი. ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. ეს გახლავთ ეუთო-ს პირველადი ამოცანა და ეუთო-ს წვლილი შეაქვს ჟენევის საერთაშორისო დიალოგში. მხარეებმა უნდა მოაგვარონ პრობლემები ერთმანეთთან საუბრის შედეგად;
მეორეა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ამ ფორმატში განიხილება დაძაბულობის, გადაადგილების თავისუფლებისა და შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილების საკითხები. ეუთო ამ პროცესშიც არის ჩართული;
მესამეა სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფება ელჩი კრისტოფ პეტი, ჩემი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რა როლი აკისრია მას? მისი მთავარი ამოცანაა დიალოგის მხარდაჭერა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარება.
მაგალითად, პრობლემა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ვაკვირდებით დისკუსიებს, ვაკვირდებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და გვაქვს პრობლემა ამ კონკრეტულ რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც გაამარტივებს და მხარს დაუჭერს დიალოგს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს ინსტიტუტი არის პასუხი პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.