ჩოგბურთში ქალთა შორის წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი, როლან გაროსი მსოფლიოს პირველმა ნომერმა, პოლონელმა იგა შვიონტეკმა მოიგო.
ფინალში შვიონტეკმა იტალიელი ჟასმინ პაოლინი ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა და საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიპოვა.
ტურნირის გადამწყვეტი მატჩი იტალიელის უპირატესობით დაიწყო, პაოლინი ბრეიქით 2:1 დაწინაურდა, ამის შემდეგ კი შვიონტეკი გააქტიურდა და ზედიზედ 10 გეიმი მოიგო.
ჯამში, 23 წლის შვიონტეკს დიდი სლემის ტურნირი უკვე ხუთჯერ აქვს მოგებული. როლან გაროსზე მან 2020, 2022 და 2023 წელსაც გაიმარჯვა, ხოლო 2022 წელს ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.