იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა
იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა

იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, იერუსალიმში დამასკოს ჭიშკართან პალესტინელებმა ქვები დაუშინეს ჯერ ავტობუსებს, ხოლო შემდეგ ადგილზე გამოცხადებულ საპოლიციო ძალებს. პოლიციას პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ. წინასწარი ინფორამციით, დაკავებულია ათი ადამიანი.

პალესტინური მედიის ცნობით კი, ინციდენტი ისრაელის პოლიციის მხრიდან პალესტინელების მიმართ არასათანადო მოპყრობამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა პალესტინელ მოზარდს უმიზეზოდ დაარტყა კეტი, რასაც პალესტინელთა მხრიდან შესაბამისი ქმედება მოჰყვა.

მაისის თვეში, დამასკოს კარიბჭესთან დაწყებულ შეტაკებებს ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ესკალაცია და 11-დღიანი ომი მოჰყვა, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ორივე მხრიდან.

ბოლო კვირების განმავლობაში, იერუსალიმის ძველ ნაწილში კვლავ შეიმჩნევა დაძაბულობა მხარეებს შორის. ისრაელის პოლიციის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ათეულობით პალესტინელი დააკავეს, რომლებიც ქუჩაში არეულობის და დაუმორჩილებლობის მოთხოვნით გამოდიოდნენ.