იერუსალიმში დღეს ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი გაიხსნება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში, 45-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს ხელმძღვანელთან ერთად, ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს დაესწრება, სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“.
ღონისძიება, რომელიც მუზეუმ „იად ვაშემში“ გაიმართება, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობს ამ ძალიან დიდ ღონისძიებაში, რომელიც ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.
„ეს ღონისძიება გზავნილია დღევანდელი მსოფლიოსათვის, რომ არ შეიძლება განმეორდეს: სიძულვილი, დაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ვხედავთ მთელს მსოფლიოში და რასაც შეიძლება შემდეგ რასიზმი და დისკრიმინაცია მოჰყვეს. საქართველოსათვის პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან ეს მსოფლიო მოვლენაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.