იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს ადგილმდებარეობის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები გამოჩნდა

14:14, 07.05.2018

იერუსალიმში აშშ-ის ახალი საელჩოს ადგილმდებარეობის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები გამოჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნა მომდევნო კვირაშია დაგეგმილი.

მანამდე, აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა ქვეყნების მსგავსად, თელ-ავივში იყო განთავსებული.

საგზაო ნიშნები სამ ენაზე, ინგლისურად, ებრაულად და არაბულადაა შექმნილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების და საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. პალესტინელებს კი სამომავლო დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის გამოცხადება სურთ.

ისრაელმა იერუსალიმის აღმოსავლეთ რაიონები 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა.

მსგავსი