ისრაელში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს 
ისრაელში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს 

ისრაელში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

როგორც საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 14 მაისს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური წარმომადგენლობა თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, რასაც პალესტინის მხრიდან საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ეს თარიღი შესაძლოა, თავდასხმების ან საპროტესტო გამოსვლებისთვის გამოიყენონ. ასევე აღნიშნულია, რომ თარიღი ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს ემთხვევა, რომელიც ისრაელში 14-18 მაისს იმართება. გარდა ამისა, ისრაელში 15 მაისს აღინიშნება ნაკბას დღე.

ამასთან, საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოქმედების კონკრეტულ ინსტრუქციას აძლევს.

„ინციდენტების შესაძლო წარმოშობის ადგილად ღაზას მიმდებარე ტერიტორია სახელდება. რამდენადაც საფრთხის შემცველი ინციდენტები, მათ შორის სარაკეტო იერიში, ხშირად გაუფრთხილებლად ხდება, აშშ-ის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიფრთხილე და მიიღონ შესაბამისი ზომები მათი უსაფრთხოების გასაზრდელად. ნაღმტყორცნი ან სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში შესაძლოა, ამოქმედდეს განგაშის წითელი სიგნალი. ყველა ასეთი განგაში რეალურად მიიჩნიეთ, მიჰყევით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს და დაუყოვნებლივ მოიძიეთ თავშესაფარი. წინასწარ შეისწავლეთ უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე საელჩო მოქალაქეებს ურჩევს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიონ ისრაელის თავდაცვის ვებგვერდს ან ჩამოტვირთონ აპლიკაცია, რომლითაც რეალურ დროში მიიღებენ ინფორმაციას უსაფრთხოებისა და განგაშის სიგნალების შესახებ.

აშშ-ის საელჩო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დემონსტრაციებს, თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას.