იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტისას ანკარის მიერ რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხი განიხილა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთში ვიზიტისას ანკარის მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხი განიხილა.
როგორც სტოლტენბერგმა ვიზიტისას აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნებისმიერ მოკავშირეს აქვს უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რომელი შეიარაღება შეიძინოს, თუმცა თურქეთის მიერ „ეს-400“-ის შეძენის შედეგები შემაშფოთებელია.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსმა თავიდან უნდა აიცილოს ერთი მოკავშირის მხრიდან მეორე მოკავშირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. შეგახსენებთ, „ეს-400“-ის სისტემის შეძენის გამო თურქეთისთვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს ვაშინგტონი.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის მთავრობას ნატო-ში ძლიერი პოზიციების შენარჩუნება სურს, თუმცა „ეს-400“-ის კომპლექსის შეძენის საკითხი არ გადაიხედება. ერდოღანის თქმით, აღნიშნული შეიარაღების შეძენა თურქეთის სუვერენული უფლებაა.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა თურქეთს ნატო-ს მნიშვნელოვანი და ღირებული მოკავშირე უწოდა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, წლების განმავლობაში ნატო-მ თურქეთში სამხედრო ინფრასტრუქტურაში ხუთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.