იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე
იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც კრემლმა დაანონსა, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ავტორიტარულ ქვეყნებზე.

აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რუსეთის სამხედრო ძალისხმევის, დამპყრობლური ომის უდიდესი მხარდამჭერები არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულ ჭურვებზეც და დასძინა, რომ ეს პროცესი ისევ გრძელდება.

კითხვაზე, თუ რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს ნატო-მ ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე დაწესებულია მრავალი სანქცია. „პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ახლა არღვევს ამ სანქციებს“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესზეც.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინის აგრესიას შედეგი არ მოჰყვება დღეს და მომავალში. სწორედ ამიტომ, სამიტზე ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის კიდევ უფრო დაახლოებას ნატო-ს წევრობასთან, რათა როცა დრო დადგება, უკრაინამ შეუფერხებლად შეძლოს გაწევრიანება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.