იენს სტოლტენბერგი უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებად“ აღიარებას გმობს
იენს სტოლტენბერგი უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებად“ აღიარებას გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებად“ აღიარებას  გმობს.

„ეს უფრო მეტად უთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აფერხებს კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომელთა მხარე არის რუსეთი“, – ნათქვამი ნატო-ს ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ 2015 წელს გაერო-ს უშიშროების საბჭომ, რომლის წევრიც არის რუსეთი, დაადასტურა სრული პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისივე თქმით, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია.

„მოსკოვი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენით. ის ასევე ცდილობს, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრისთვის საბაბის ინსცენირება მოახდინოს. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები უმკაცრესად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეამციროს უკრაინაში და მის გარშემო მობილიზებული ძალები და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – ნათქვამია სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.