იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ნატო-შია
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მომავალი ნატო-შია

უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მივესალმები თქვენს წინსვლას რეფორმების მიმართულებით და ვიდრე ამ მნიშვნელოვან საქმეს განაგრძობთ, ჩვენ დაგიჭერთ მხარს ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე უკრაინის დახმარებასთან მიმართებით, რომელიც სამიტის ფარგლებში მოკავშირეებმა დაამტკიცეს.

„აქ, ვაშინგტონში, მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყონ უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გუშინ ჩვენ შევთანხმდით არსებით პაკეტზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალუმა მდივანმა.

დახმარებაზე საუბრისას იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პაკეტი მოიცავს წვრთნების ჩატარებას უკრაინელი მებრძოლებისთვის, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, ასევე უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი შეთანხმების გაფორმებას.