იენს სტოლტენბერგი - თურქეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია
იენს სტოლტენბერგი - თურქეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ანკარამ ეს არაერთხელ დაამტკიცა. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მე გავუზიარე ერდოღანს ჩვენი სერიოზული შეშფოთება მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო და ასევე ვუთხარი მას რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ, რაც სიტუაციის დაძაბვის გარდა, ადამიანების მდგომარეობასაც დაამძიმებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან ერთად, სტოლტენბერგის შეფასებით, „თურქეთის შეშფოთება უსაფრთხოების კუთხით ლეგიტიმურია“.

„არც ერთი სხვა მოკავშირე არ ყოფილა იმდენი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე, როგორც თურქეთია, არც ერთი სხვა მოკავშირე არ დგას დესტაბილიზაციის ისეთი საფრთხის წინაშე, როგორც თურქეთი, არც ერთ მოკავშირეს არ მიუღია იმდენი ლტოლვილი, რამდენიც თურქეთმა სირიიდან შეიფარა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, თურქეთი ნატო-ს მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.

„თურქეთმა დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს მას მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას არ დაუმტკიცებია“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დატოვე კომენტარი