ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომაზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს
ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომაზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე ისაუბრეს

საქართველოსთვის MAP-ის (წევრობის სამოქმედო გეგმის) მინიჭების საკითხზე დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„შეხვედრაზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი წამოწიეს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ჰქონდათ მოსაზრება. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს მათ დავუთმობ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო საქართველოს რეფორმების განხორციელებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში ეხმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მოუწოდა მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.

„რუსეთის აგრესიული ქცევისა და მეზობლების საზღვრების უპატივცემლობის მაგალითია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის სამხედროების ყოფნა. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მოვამზადოთ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარეთ საქართველოს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ავღანეთის მისიაში კონტრიბუციისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.