იენს სტოლტენბერგი - საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს მადრიდის სამიტისთვის მზადების პროცესში განხილვის საკითხი იქნება
იენს სტოლტენბერგი - საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს მადრიდის სამიტისთვის მზადების პროცესში განხილვის საკითხი იქნება

საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება ნატო-ს მადრიდის სამიტისთვის მზადების პროცესში განხილვის საკითხი იქნება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები სამიტზე, თუმცა სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, მათ შორის იმ გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხება.

„ვფიქრობ, ჯერ ცოტა ადრეა, წინასწარ მსჯელობა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ლიდერები მომავალი წლის სამიტზე. თუმცა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. საუბარია ჩვენი ახლო პარტნიორების საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა. მივესალმები ფაქტს, რომ ნატო-ს მოკავშირეები, როგორც ალიანსის ფარგლებში, ისე ორმხრივად ეხმარებიან უკრაინასა და საქართველოს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი გააგრძელებს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას.

„მე შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკში ჩვენ ვაგრძელებთ, როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას. ეს იქნება განხილვის საკითხი მადრიდში ჩვენი მომავალი სამიტისთვის მზადების პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გენერალური მდივნის თქმით, თარიღი უახლეს მომავალში გამოცხადდება.