იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ახლო პოლიტიკური პარტნიორობა და პრაქტიკული თანამშრომლობა
იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ახლო პოლიტიკური პარტნიორობა და პრაქტიკული თანამშრომლობა

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს ახლო პოლიტიკური პარტნიორობა და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ.

„ჩვენი სამხედროები მხარ და მხარ იბრძვიან ავღანეთში და წვრთნიან მამაც ავღანელ უსაფრთხოების ძალებს, რათა უზრუნველყონ, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს საერთაშორისო ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფარი. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს ამ წვლილისა და ერთგულებისთვის, რასაც საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ამტკიცებს ავღანეთში. დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე მოგვიანებით დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ამ თანამშრომლობის გაგრძელებას. მათ შორის შევეხებით ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც შარშან განვაახლეთ. ეს გახლავთ ნატო-ს საქართველოსადმი მხარდაჭერის ქვაკუთხედი. ეს ეხმარება საქართველოს ნატო-ს სამხედრო ძალებთან ეფექტურ ოპერირებაში და ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ერთობლივი ტრენინგებისა და წვრთნების გაძლიერებას და ავამაღლებთ სიტუაციის შესახებ ცნობირებას, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში. გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ ერთობლივად შეძლონ მუშაობა, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად წვრთნების ჩასატარებლად. ნატო-ს ხომალდების ეს ვიზიტი და ერთობლივი წვრთნები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პრაქტიკული თანამშრომლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატ-ოს გენერალური მდივნის განმარტებით, შავი ზღვის უსაფრთხოება ნატო-სთვის და საქართველოსთვის პრიორიტეტულია. სტოლტენბერგის განცხადებით, მუშაობენ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს პოზიციების გასამტკიცებლად.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით რეგიონში. რუსეთი იყენებს ყირიმს, რათა განალაგოს სამხედრო ძალები შავ ზღვაში. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ნატო-ს პოზიციების გასამტკიცებლად შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა იენს სტროლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.