იენს სტოლტენბერგი რუსეთს მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს
იენს სტოლტენბერგი რუსეთს მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

რუსეთი თუ არ განაგრძობს მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დაცვას, ნატო-ს მოუწევს,  კონკრეტული გადაწყვეტილებებითა და ზომებით უპასუხოს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ რუსეთის მიერ მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების შეთანხმების დარღვევას. რუსეთმა 2 აგვისტომდე დადასტურებულად უნდა გაანადგუროს მისი SSC-8 რაკეტები, რომელიც შეთანხმებას არღვევს. აშშ და სხვა მოკავშირეები წლების განმავლობაში ცდილობდნენ განეხილათ რუსეთთან მათი ახალი სარაკეტო სისტემა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოზე. ჩვენ მომავალ კვირას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას ვგეგმავთ ამ საკითხების კვლავ წამოსაწევად. მოვუწოდებთ რუსეთს, დაადგეს პასუხისმგებლობის გზას. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერავითარი მინიშნება, რომ რუსეთი ამისკენ მიისწრაფის. სინამდვილეში, ის განაგრძობს ახალი რაკეტების განვითარებასა და განთავსებას“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ნატო-ს მინისტერიალი ბრიუსელში ხვალიდან იწყება. გენერალური მდივნის თქმით, თავდაცვის მინისტრები ალიანსის მოდერნიზების შესახებ იმსჯელებენ, რათა შემაკავებელი ზომები და თავდაცვა ეფექტურად უზრუნველყონ.

„მხოლოდ ხუთი კვირა დარჩა რუსეთს შეთანხმების გადასარჩენად. ხვალ ჩვენ გადავწყვეტთ ნატო-ს შემდგომ ნაბიჯებს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ დაიცავს მას. ჩვენი პასუხი იქნება თავდაცვითი, მოზომილი და კოორდინირებული. ჩვენ სარკისებურად არ გადავიღებთ იმას, რასაც რუსეთი აკეთებს. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ ევროპაში ახალი სახმელეთო ბირთვული რაკეტების განთავსებას. ჩვენ არ გვსურს, ახალი რბოლა შეიარაღებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შემაკავებელი ზომები, თავდაცვა სანდო და ეფექტური იყოს. ეს ნატო-ს ამოცანაა. ეფექტური შემაკავებელი ზომები და თავდაცვა ასევე ნიშნავს ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე პოზიციას. მათ შორის ხელოვნური ინტელექტს, კვანტურ გამოთვლებსა და შემდგომი თაობის კომუნიკაციებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.