იენს სტოლტენბერგი - ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც გასამარჯვებლად სჭირდება
ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ჰანდელსბლატთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინისთვის მძიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში მეტი სამხედრო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი.
ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა.
„მან გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი შეიარაღებული ძალების ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ შეცდომებს, მორალური სიმტკიცის ნაკლებობას, ლიდერობის პრობლემებს, ცუდ აღჭურვილობას. მაგრამ რუსებმა აჩვენეს, რომ მზად არიან, მძიმე დანაკარგები მიიღონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამიტომ რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც დავუშვით რუსულ გაზთან დაკავშირებით. ნედლეულის ან კრიტიკული საქონლის განთავსებისთვის ავტორიტარულ რეჟიმზე ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.