იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები 15 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ზომებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ონლაინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს მთავარ ამოცანად რჩება თითქმის მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა და ალიანსი მუშაობს, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი არ იქცეს უსაფრთხოების კრიზისად.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო აგრძელებს მოკავშირეების და პარტნიორების დახმარებას. მისივე განცხადებით, ალიანსის სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებისა და გადანაწილების პროცესში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის დროს გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობასაც. მისი თქმით, „სახელმწიფოების ნაწილი ცდილობს, ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია, რომელიც ალიანსის დაყოფისკენ არის მიმართული“.

„ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებას პროპაგანდისტული მიზნებით ცდილობენ. ეს არ უნდა ხდებოდეს. ხვალინდელ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები დეზინფორმაციასთან გამკლავებისთვის აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. დეზინფორმაციის და პროპაგანდის საშუალებით ცდილობენ ჩვენ დაყოფას. დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის ფაქტები და სიმართლე. დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღი, რომელიც ნატო-ს აქვს, არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ჟურნალისტების საქმიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ კრიზისის დროს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დისტანციურად ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება.