იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს სამიტზე შევთანხმდებით ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციაზე „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს სამიტზე შევთანხმდებით ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციაზე „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ

ნატო-ს სამიტზე შევთანხმდებით ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციაზე „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს იქნება ისტორიული მოვლენა, პირველ რიგში იმიტომ, რომ 30 მოკავშირე ხვდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისის მიმდინარეობას. ერთობლივი გამოჩენა მადრიდში იქნება მძლავრი სიგნალი ამ არაპროგნოზირებად და სახიფათო დროს. შევთანხმდებით ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდ ტრანსფორმაციაზე „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ – ჯარების გაზრდილი რაოდენობით, სწრაფი რეაგირებით და მზადყოფნით, მზა აღჭურვილობის სიმრავლით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. როგორც მედია წერს, პრეზიდენტ მაკრონის სიტყვების კომენტირებისას, რომ არ შეიძლება რუსეთის დამცირება, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინელების გადასაწყვეტია, რა იქნება მათთვის მისაღები და რა არა.

„რასაც ვხედავ, ეს არის უკრაინის დაცვისა და მხარდაჭერის აუცილებლობა და უკრაინელები თავად გადაწყვეტენ, რის მიღებას აპირებენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რის მიღებას არა, რადგან ეჭვგარეშეა, რომ ეს არის აგრესიული ომი, რომელშიც ორივე მხარე არ არის თანაბარი. არსებობს აგრესორი და თავდამცველი ქვეყანა, ხოლო თავდაცვის უფლება გაერო-ს წესდებაშია ჩაწერილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.