იენს სტოლტენბერგი ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოდის
იენს სტოლტენბერგი ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოდის

იენს სტოლტენბერგი ნატო-ს პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მან 17-18 თებერვალს დაგეგმილი თავდაცვის მინისტრების სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

სტოლტენბერგის თქმით, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ის თავდაცვის მინისტრებთან ისაუბრებს ნატო-ს სამომავლო განვითარების სტრატეგია „ნატო 2030“ იქნება. მისი განცხადებით, ამ სტრატეგიის მიზანი არის ტრანსატლანტიკური კავშირის გაძლიერება. ამისთვის კი, სტოლტენბერგი რამდენიმე ინიციატივის წარდგენას აპირებს.

ერთ-ერთ მათგანი არის ნატო-ს სამეზობლოში მდებარე პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაა.

„რადგან პრევენცია უკეთესია, ვიდრე ინტერვენცია“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, პარტნიორებთან კონსულტაციების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ალიანსს უწევს გაძლიერებულ ჩინეთთან და აგრესიულ რუსეთთან გამკლავება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ის ასევე აპირებს წარადგინოს წინადადება, რომ გაიზარდოს ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის აქტივობების დაფინანსება.

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ძალებისა და საბრძოლო ქვედანაყოფების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. მათ შორის საჰაერო პატრულირება, საზღვაო ძალების გაგზავნა და წვრთნები. ამ მიზნით უფრო მეტი თანხის ერთად დახარჯვა ხაზს გაუსვამს ალიანსის წევრების ერთგულებას ნატოს მეხუთე მუხლისადმი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. ამავე დროს ეს ხელს შეუწყობს ფინანსური ტვირთის გაზიარებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის ასევე გამოვა ინიციატივით, რომ ნატო-ს წევრებმა დაამტკიცონ უფრო მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნული მდგრადობის გეგმა.

„ჩვენ ყოველწლიურად შევაფასებთ ალიანსის წევრ ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების დაცულობას, რაც მათ შორის დაკავშირებულია უცხო ქვეყნების გავლენასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგი ასევე გამოდის ინიციტივით, რომ ნატო-ს წევრებს შორის პოლიტიკური კოორდინაცია გაიზარდოს და დისკუსიები გაიმართოს ეკონომიკურ საკითხებზეც, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წინაშე არებულ მთავარ გლობალურ გამოწვევად რუსეთი და ჩინეთი დაასახელა. მისი თქით ჩინეთი და რუსეთი „წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის „ავტორიტარული წინააღმდეგობის ავანგარდში არიან“.

„ამიტომ, ნატო-მ უნდა გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საერთო მოსაზრებების მქონე პარტნიორებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ღირებულებები და ინტერესები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ავღანეთსა და ერაყში ნატო-ს მისიის მომავალს. ავღანეთზე საუბრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ავღანეთში ძალადობა კვლავ გრძელდება, რაც მიუღებელია.

„თალიბანმა უნდა შეამციროს ძალადობა, კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები გამართოს და შეასრულოს პირობა, რომლის მიხედვითაც მოძრაობამ საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება ნატო-ს მისიას ერაყში, ალიანსის გენერალური მდივანი ელოდება, რომ ეს მისია გაფართოვდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ფინანსური ტვირთის გაზიარება იქნება, რაც თავდაცვის ხარჯების გაზრდას გულისხმობს.

„როგორც მოსალოდნელია ნატოს ცხრა წევრი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს, ხოლო 24 წევრი ინვესტიციების 20%-ს აღჭურვილობაზე დახარჯავს“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.