იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას აღიარებენ
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას აღიარებენ

ნატო-ს მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის ერთობლივი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარმოადგენს.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე ქვეყნის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ივლისში გამართულ სამიტზე მოკავშირეებმა აღიარეს საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ალიანსის ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ქვეყანა ალიანსის სრულფასოვანი წევრობისთვის ემზადება. ნატო ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა

იენს სტოლტენბერგის თქმით, ამავე სამიტზე მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს წევრები არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს უზრუნველყოს აზოვის ზღვაში თავისუფალი ნაოსნობა და გაათავისუფლოს ქერჩის სრუტეში დაკავებული გემები და უკრაინელი სამხედროები.