იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მხარდაჭერა პარტნიორებისადმი არ არის მუქარა რუსეთისადმი, ის აძლიერებს პარტნიორების თავდაცვას აგრესიისგან
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მხარდაჭერა პარტნიორებისადმი არ არის მუქარა რუსეთისადმი, ის აძლიერებს პარტნიორების თავდაცვას აგრესიისგან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პარტნიორებისადმი ალიანსის მხარდაჭერა არ არის მუქარა რუსეთისადმი და ის აძლიერებს პარტნიორების თავდაცვას აგრესიისგან. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვაში გააკეთა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა.

თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზე. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ახსენა საქართველოც.

„ჩვენ განვიხილეთ რუსეთის აუხსნელი და გაუმართლებელი სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე, განმუხტოს დაძაბულობა. ნატო რჩება ფხიზლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მოკავშირეს და მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორი უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან სამშაბათს რიგაში. ისინი შეაფასებენ უსაფრთხოების სიტუაციას, მათ შორის უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან. ჩვენი მხარდაჭერა პარტნიორებისადმი არ არის მუქარა რუსეთისადმი და ეს მხარდაჭერა ეხმარება პარტნიორებს აგრესიისგან თავდაცვაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს ხანში გააფორმებენ თანამშრომლობის ახალ ერთობლივ დეკლარაციას.

პრესკონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. ლიეტუვის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის საზღვრებთან შეკრებილ მიგრანტებთან. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს კრიზისი არის ჰიბრიდული თავდასხმა, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვის შეშფოთებას იწვევს ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურებისა და დოქტრინების ინტეგრაცია, რაც, მისივე თქმით, ნატო-სთვის ახალ კოლექტიური გამოწვევას წარმოადგენს.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში ავამოქმედებთ ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლს, რაც ნატო-ს წევრების საგანგებო კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს“, – განაცხადა ნაუსედამ.

დატოვე კომენტარი