იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გაფართოებას ყველა მოკავშირის თანხმობა სჭირდება და ეს წესი არ შეიცვლება [ვიდეო]

ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მოკავშირის თანხმობაა საჭირო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ნატო-ს განვითარების სტრატეგია „ნატო 2030“, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის ინიციტივით, ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, მოიცავს რეკომენდაციას, რომ ნატო-ში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს კონსენსუსი აღარ იყოს საჭირო.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, ხომ არ შეეხება ეს ნატო-ში ახალი წევრების მიღებას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოება მხოლოდ ყველა მოკავშირის თანხმობით მოხდება.

„კონსენსუსი არის ჩვენი ალიანსისთვის ბირთვი და ეს ასეც გაგრძელდება. ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყველა მოკავშირის თანხმობა. ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას. დღეს შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ დაადასტურა, რომ ისინი ეძებენ გზებს, დამატებით კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ. როგორც ნატო-ს ჩარჩოში, ისე ორმხრივი დახმარების ფარგლებში. მოვუწოდებ მათ, მეტი გააკეთონ საქართველოსთვის. დღეს ჩვენ მიერ დამტკიცებული განახლებული არსებითი პაკეტი არის ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას გავუწევთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დატოვე კომენტარი