იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად ალიანსის წევრობისთვის, პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად ალიანსის წევრობისთვის, პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს

ნატო-ს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას, გახდეს ალიანსის წევრი იმ პირობებში, როდესაც ის სრულად არ აკონტროლებს თავის ტერიტორიებს.

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, გააკეთოს წევრობაზე განაცხადი, თუმცა გადაწყვეტილება ალიანსის 30 წევრის მისაღებია.

„ნატო-ს 30 წევრის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის და სხვას არავის აქვს უფლება, ჩარევას ეცადოს ან ჩაერიოს ამ პროცესში. უკრაინის მსგავსი ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, შეიტანოს განაცხადი წევრობაზე, თუმცა ალიანსის 30 წევრის უფლებაა, როდის მოხდება წევრობის შეთავაზება. ეს არის მნიშვნელოვანი პრინციპი. რუსეთი ახლა ცდილობს, ხელახლა შექმნას გავლენის სფერო, სადაც ცდილობს გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ მეზობლებს. ვცდილობთ, მსოფლიომ წარსულში დავტოვოთ გამოცდილება, სადაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ მის მეზობელ პატარა ქვეყნებს.

ამგვარად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენულ უფლებას, გააკეთოს წევრობის განაცხადი და გადაწყვიტოს თავისი გზა და მხოლოდ 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის არის ეს სტანდარტები დაკმაყოფილებული. სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ ჩვენ მხარს უკრაინის რეფორმებისა და მოდერნიზების ძალისხმევას. რეფორმა ერთადერთი და საუკეთესო გზაა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.