იენს სტოლტენბერგი - ნატო მოსკოვს ყოველ ახალ ტანკზე ტანკით და რაკეტაზე რაკეტით არ უპასუხებს
იენს სტოლტენბერგი - ნატო მოსკოვს ყოველ ახალ ტანკზე ტანკით და რაკეტაზე რაკეტით არ უპასუხებს

ნატო მოსკოვს ყოველ ახალ ტანკზე ტანკით და რაკეტაზე რაკეტით არ უპასუხებს, ალიანსი თავდაცვასა და დიალოგს შორის ბალანსს ეძებს, – ასეთი განცხადება გააკეთა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი თანამედროვე შეიარაღებას გამუდმებით ავითარებს, თუმცა მისი მიზანი რუსეთისთვის ტანკზე ტანკით და რაკეტაზე რაკეტით პასუხი არ არის.

„რუსეთი ჩვენი მეზობელია და ასე იქნება ყოველთვის. სწორედ ამიტომ, ნატო ეძებს ბალანსს, რომელიც თავდაცვასა და დიალოგს მოიცავს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებას შევძლებთ, რისი წყალობითაც, დაძაბულობის განმუხტვა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება მოხერხდება. ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი“, – განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა Deutsche Welle-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაზეც ისაუბრა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „მოძველებულ ორგანიზაციად“ აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სტოლტენბერგს თეთრ სახლში ვიზიტის დროს თავად განუცხადა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, დონალდ ტრამპმა შეხედულება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის სფეროში დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტეს.