იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.
როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომლებსაც სიკეთე მოაქვს თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.