იენს სტოლტენბერგი - ნატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ გეგმავს
იენს სტოლტენბერგი - ნატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ გეგმავს

ნატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განთავსებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი რუსეთს მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დარღვევასა და ნატო-ს ქვეყნების სიახლოვეს ბირთვული ქობინებით აღჭურვის შესაძლებლობის მქონე მობილური რაკეტების განთავსებაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ახალ (SSC-8) რაკეტებს ათავსებს. ისინი მობილური და რთულად შესამჩნევია, აღჭურვადია ბირთვული ქობინით და შეუძლია, მიაღწიოს ევროპულ ქალაქებს მცირე დროში ან გაუფრთხილებლად. ამით ისინი ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების ზღვარს ამცირებენ კონფლიქტში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას და პატივი სცეს მას.

რუსეთის მიერ მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევის ბრალდების გამო, აშშ-მა შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 2 თებერვალს ოფიციალურად განაცხადა. მოსკოვმა ვაშინგტონის ნაბიჯს სარკისებური ზომებით უპასუხა და შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.