იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება შეასრულოს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო მზად არის „გამოზომილი და თავდაცვითი“ ნაბიჯების გადასადგმელად, თუ რუსეთი 2 აგვისტომდე არ დაუბრუნდება შეთანხმების პირობების შესრულებას.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ სამყაროსთვის, სადაც უფრო მეტი რუსული რაკეტა იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
საქმე ეხება ჯერ კიდევ 1987 წელს, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები მოკლე და საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტების ეტაპობრივ და თანმიმდევრულ ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთი ამ შეთანხმების პირობების დარღვევასა და უგულებელყოფაში არაერთხელ დაადანაშაულა.
რუსეთმა აშშ-ის ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ შეთანხმებას აღარ შეასრულებს.