იენს სტოლტენბერგი - მჯერა, გაერთიანებული სამეფო უსაფრთხო 5G ქსელების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთი დასავლეთს მრავალ სფეროში უახლოვდება, მათ შორის ტელეკომუნიკაციებში და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ „ჰუავეისთან“ გაფორმებულ შეთანხმებას გადახედოს.
„ჩინეთი გვიახლოვდება, ჩვენ ამას ვხედავთ არქტიკაში, ვხედავთ, რომ ისინი ევროპის მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ და, რა თქმა უნდა, ჩინეთი ოპერირებს კიბერსივრცეშიც. სწორედ ამიტომ, საჭიროა არა ნატო-ს ძალების განთავსება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, არამედ რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი ჩვენ გვიახლოვდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ბიბისისთან“ რადიოინტერვიუში სტოლტენბერგმა ბრიტანეთსა და კომპანია „ჰუავეის“ შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„მჯერა, რომ გაერთიანებული სამეფო საკუთარი სატელეკომუნიკაციო ქსელების დაცვას შეძლებს და ქვეყანაში უსაფრთხო 5G ქსელების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს შეთანხმების გადახედვა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „ჰუავეის“ ბრიტანეთის 5G ქსელებზე წვდომა იანვრის თვეში მისცა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას, რომელიც „ჰუავეის“ დასავლეთის საკომუნიკაციო ქსელებიდან მაქსიმალურად ჩამოშორებას გულისხმობს. თუმცა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ამ შეთანხმების გადახედვას გეგმავს, რასაც იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს.