იენს სტოლტენბერგი - მაიმედებს ფაქტი, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული
იენს სტოლტენბერგი - მაიმედებს ფაქტი, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობა შემცირებულია და ვითარება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ის ჯერ კიდევ მყიფეა.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა.

„მაიმედებს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ ძალადობისა და ბრძოლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამის საფუძველზე სირიაში კრიზისის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის უნდა ვიმუშაოთ. ვითარება ჯერ კიდევ მყიფეა, თუმცა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს”,- განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე განცხადებით, ორდღიან მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ჩრდილოეთ სირიაში არსებული ვითარება იქნება.

თავდაცვის მინისტრები ასევე განიხილავენ ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებს ბალკანეთიდან ავღანეთამდე, ისევე, როგორც ნატო-ს მონაწილეობასა და წვლილს გლობალურ კოალიციაში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისაუბრებენ ერაყში საწვრთნელ მისიაზეც.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პირველი დღის მიწურულს გამართულ ვახშამზე მინისტრები განიხილავენ ჰიბრიდულ საფრთხეებს, ჰიბრიდულ ტაქტიკებსა და იმას, თუ როგორ პასუხობს ამ საფრთხეებს ნატო. მინისტერიალის მეორე დღის განსახილველ საკითხებს შორის ნატო-ს შეიარაღებული ძალების მზაობა და ფინანსური ტვირთის სამართლიანად განაწილება იქნება.

მინისტერიალის ბოლო შეხვედრა კი მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ნატო-ს პარტნიორებს დაეთმობათ, სადაც ავღანეთის საკითხებს განიხილავენ.