იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტზე ნატო მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ალიანსი უფრო გაძლიერდეს
იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტზე ნატო მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ალიანსი უფრო გაძლიერდეს

მადრიდის სამიტზე ნატო მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ალიანსი უფრო გაძლიერდეს. ამის შესახებ ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, დარწმუნებულია, რომ მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ნატო-ს პასუხი უფრო გრძელვადიანი პერსპექტივით. სამიტზე ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომ ნატო უფრო მეტად გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ მსოფლიოში, რომელიც უფრო საშიში და კონკურენტული გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის სამიტი იქნება გარდამტეხი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით ხუთ საკვანძო სფეროში – უფრო ძლიერი შეკავების პოლიტიკა და თავდაცვა, უკრაინის და რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების მდგრადი მხარდაჭერა და მე მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ამ სამიტში. ჩვენ ასევე გადაწყვეტილებას მივიღებთ ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელშიც იქნება ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია რუსეთთან, ახალ გამოწვევებთან და პირველად ჩინეთთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერით უზრუნველყოფენ, რათა მან შეძლოს თავის დაცვა მოსკოვის აგრესიის წინაშე, ამასთან, ნატო-ს წევრებმა გამოაცხადეს დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ, მათ შორის მძიმე შეიარაღებისა და გრძელ მანძილზე მოქმედი სისტემების.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ გეგმები, რათა ქვეყანას მხარი დავუჭიროთ უფრო გრძელვადიანად. ჩვენ ვამზადებთ უკრაინისთვის ნატო-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს, რაც დაეხმარება უკრაინას ნატო-სთან თავსებადობის გაუმჯობესებაში, საბჭოთა დროინდელი აღჭურვილობიდან ნატო-ს თანამედროვე აღჭურვილობაზე გადასვლასა და უსაფრთხოების ინსტიტუტების უფრო გაძლიერებაში. გუშინ 40-ზე მეტმა ქვეყანამ, ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვა. საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი ასევე შეუერთდნენ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი გზა გარე ჩარევის გარეშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ნატო-ს გეგმებზე, გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ბატალიონები და მზადყოფნის რეჟიმში ჰყავდეს მეტი ძალები. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რამდენიმე მოკავშირემ მზადყოფნა გამოთქვა, წვლილი შეიტანოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს ძალების განმტკიცებაში.