იენს სტოლტენბერგი - კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ, ნატო-ს ყველა ლიდერს როდესაც შევხვდებით, შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა
იენს სტოლტენბერგი - კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ, ნატო-ს ყველა ლიდერს როდესაც შევხვდებით, შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

უკრაინა პროგრესს აღწევს კონტრშეტევაში და ნატო-ს ლიდერები შეხვედრისას შეთანხმდებიან, გაზარდონ სამხედრო დახმარება კიევისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განაცხადა.

„მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ერთად ვუწევთ უკრაინას, ახლა ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, რადგან კონტრშეტევა დაიწყო და უკრაინელები წინ მიიწევენ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას გაუწევენ.

„ამას გავაკეთებთ, როდესაც ნატო-ს ყველა ლიდერს შევხვდებით. შევთანხმდებით, რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ეს იქნება ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

„ეს გაუგზავნის გზავნილს ავტორიტარ ლიდერებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩინეთში, რომ ისინი როდესაც გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ და ჩვენ გავხდებით უფრო დაუცველები. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.