იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი არის გამოწვევა და მიხარია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა საპასუხო ნაბიჯებს ერთად დგამენ
იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი არის გამოწვევა და მიხარია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა საპასუხო ნაბიჯებს ერთად დგამენ

ჩინეთი არის გამოწვევა და მიხარია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ამ გამოწვევებზე საპასუხო ნაბიჯებს ერთად დგამენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში ნატო-ს ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ნატო საკუთარი უსაფრთხოებისთვის პასუხობს ჩინეთის მხრიდან მომავალ გამოწვევებს.

„ისტორიულად ნატო ფოკუსირებული იყო საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე. სიახლეა, რომ ჩვენ ასევე ვპასუხობთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს, რომელიც მოდის ჩინეთის აღზევებიდან, მაგრამ ეს აუცილებელად უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩინეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, აშშ-ის შემდეგ. ჩინეთმა ინვესტიციები დააბანდა თანამედროვე შეიარაღებასა და თავდაცვით სისტემებში. მათ შორის საკონტინეტთაშორისო რაკეტებშიც, რომლებსაც შეუძლიათ, მიაღწიონ ევროპას და აშშ-ს. ასევე, დააფინანსეს ზებგერითი იარაღი. ჩინეთმა ასევე მოახდინა საშუალო რადიუსის მქონე ასობით რაკეტის განლაგება, რაც დაარღვევდა შეიარაღების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას, ჩინეთი რომ მისი ნაწილი ყოფილიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ჩინეთის ზღვაში იქნება წარმოდგენილი.

„ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ჩინეთის ზღვაში იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი გვიახლოვდება. ჩინეთს ვხედავთ არქტიკაში, აფრიკაში. ჩინეთი ინვესტიციებს აბანდებს ევროპის ინფრასტრუქტურაში. ასევე, ჩინეთი არის კიბერსივრცეშიც. ასე რომ, ჩინეთი არის გამოწვევა და მიხარია, რომ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ამ გამოწვევებზე საპასუხო ნაბიჯებს ერთად დგამენ. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად ქმნის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტს. ასე რომ, სანამ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ყველა მეტოქეზე უფრო დიდები და ძლიერები ვართ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.