იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები, ნატო-ს კარი არის ღია და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია
იენს სტოლტენბერგი - ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები, ნატო-ს კარი არის ღია და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია

ნატო-ს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ნატო-ს 30 წევრი ქვეყნისა და ასპირანტი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. მე თავადაც გახლდით ამ სამიტზე. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და წარმოვადგენდი ნორვეგიას, როგორც პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს ეს გადაწყვეტილებები და ჩვენ მათ დღესაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ, როდესაც მივეცით საშუალება მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას, გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები. და ეს მოხდა რუსეთის პროტესტის მიუხედავად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ნატო-ს 30 წევრი ქვეყნისა და ასპირანტი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. ახლა პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ამბობდა, რომ მას სურს, ნატო რუსეთის საზღვრებთან ნაკლებად იყოს წარმოდგენილი. რეალურად კი, მან საწინააღმდეგო მიიღო — ნატო-ს ძალები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამასთან ერთად, ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ეს ვაჩვენეთ არა მხლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.