იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ მოკავშირეებმა უკრაინას დასავლური ავიაგამანადგურებლები გადასცენ
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ მოკავშირეებმა უკრაინას დასავლური ავიაგამანადგურებლები გადასცენ. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ მეტი შესაძლებლობების საჭიროების გათვალისწინება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მშვიდობის დაუყოვნებლივ დამყარების გეგმები არ აქვს, ამიტომ დასავლეთი კიევისთვის ლეტალური იარაღის ხანგრძლივად მისაწოდებლად უნდა მოემზადოს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი „გამოფიტვამდე ომშია“ ჩართული და მინიმალური სარგებლის მისაღებადაც კი მზად არის, ათასობით სამხედროს დანაკარგი ჰქონდეს.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, უკრაინა ყოველდღიურად 4000-7000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს, რუსეთი კი – 20 000-ს.