იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო მიესალმება სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას
ნატო თურქეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგად სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მიესალმება. ამის შესახებ გაცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, სამხედრო ოპერაციის შეჩერება წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ განიხილა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სიტუაცია და აშშ-ისა და თურქეთის ერთობლივი განცხადებაც. მე მივესალმები, რომ ნატო-ს წევრი ორი ქვეყანა წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე შეთანხმდა. ჩენ ყველას გვესმის ის ფაქიზი და რთული სიტუაცია, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთშია. მჯერა, რომ აშშ-ისა და თურქეთის ერთობლივი განცხადება სიტუაციის დეესკალაციას დაეხმარება და გააუმჯობესებს ვითარებას ადგილზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ, პომპეომ თქვა, რომ აშშ-ი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თურქეთთან ერთად უსაფრთხო ზონის შექმნაზე და ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის წამოწყება არ იყო დადებითი ნაბიჯი. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ აშშ ზავის შესრულების მონიტორინგს გააგრძელებს.