იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი

ნატო და ევროკავშირი ახალ, ერთობლივი დეკლარაციის საკითხზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ნატო და ევროკავშირი ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, მაგრამ გვაქვს საერთო გამოწვევები, საერთო სამეზობლო და სულ უფრო მეტად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნავს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას წარმოიშვა ახალი ერთობლივი დეკლარაციის საკითხი.

„ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაციების ხელმოწერის პრივილეგია ორჯერ მქონდა პრეზიდენტ იუნკერთან და ტუსკთან და ახლა პრეზიდენტებთან, ფონ დერ ლაიენთან და მიშელთან შევთანხმდით მესამე დეკლარაციაზე, ვადებს ვერ გეტყვით, თუმცა ამაზე მუშაობას დავიწყებთ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, დეკლარაციის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მასში გაიწეროს პრიორიტეტები და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს, რომ წინა დეკლარაციებიდან 74 პროექტი შესრულდეს. სტოლტენბერგის თქმით, მადრიდის სამიტზე მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს;

თუმცა ნატო-ს გენერალური მდივანი ოთხ მათგანს გამოყოფს: „პირველი, შევთანხმდით გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, უზრუნველყვეს უპრეცედენტო დონის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატო უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება, ის უკრაინულ არმიას წვრთნასა და აღჭურვას ახორციელებდა. მთავარი გზავნილი იყო, რომ ნატო უზრუნველყოფს უკრაინის მხარდაჭერას, სადამდეც ეს საჭირო იქნება; მეორე, მნიშვნელოვანი შეთანხმება შეკავებასა და თავდაცვაში განხორციელებული ცივი ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბური ცვლილებებია. როგორც ცაში, ასევე ხმელეთსა და ზღვაზე, რაც აისახება აღმოსავლეთ ფლანგზე გაზრდილი კონტიგენტით, გაორმაგებული ოდენობის საბრძოლო ჯგუფებით; მესამე საკვანძო შეთანხმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ს წევრად მიწვევაა. მისი თქმით, ეს კარგია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის და ასევე აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა მათ ხელმოსაწერად გადასცა ე.წ. უსაფრთხოების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ მთავარ პუნქტში გაწერილი იყო – არავითარი ახალი წევრები, ასევე იყო მოთხოვნა, ალიანსს გაეყვანა ჯარები და ინფრასტრუქტურა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ ნატო-ს წევრები. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ნატო არ დათანხმდა ამ შეთანხმებას, ის შეიჭრა უკრაინაში და შედეგად მიიღო მეტი ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატო-ს კიდევ უფრო მეტი წევრი; მეოთხე მნიშვნელოვანი შეთანხმება კი, ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციაა.