იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანებას ელოდება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანებას ელოდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებას ელოდება. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მას შემდეგ დაწერა, რაც საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის სახელის ცვლილების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

„მივესალმები საბერძნეთის პარლამენტში პრესპანის შეთანხმების რატიფიცირებას – ეს არის რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ველოდები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ნატო-ში გაწევრიანებას“, – წერს ალიანსის გენერალური მდივანი.

შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, საბერძნეთის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებული აქვს მაკედონიის საკანონმდებლო ორგანოს.

ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის მრავალწლიან დავას დაასრულებს და მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირის კარს გაუღებს. სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, საბერძნეთი ჩრდილოელი მეზობლის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ბლოკავდა.

მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.